Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ ილაპარააკა „მთავარ არხთან" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. ის ტელეკომპანიას ციხიდან ტელეფონით დაუკავშირდა. მელია უკმაყოფილოა შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც, მისი თქმით, ითვალისწინებს მისი გირაოს გადახდას.

„თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი და რატომ?! აღმოჩნდა, რომ გუშინდელი ხელმოწერილი დოკუმენტის მიღმა, შეთანხმება, რომ შედგეს, აუცილებელია ერთი წინაპირობა შესრულდეს და რა არის ეს წინაპირობაა თურმე?! ვიღაცამ უნდა გადამიხადოს გირაო მე გირაო და ამისთვის საჭირო ყოფილა ჩემი თანხმობა. არაფერი არ შეცვლილა ჩემთან მიმართებაში ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს არის არა ჩემი აკვიატება, არა ახირება, არამედ იდეა. იდეა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი არ დავუხარო ამ უსამართლობას და ამით გავწყვიტო ეს ჯაჭვი. იდეას მე არ ვუღალატებ. ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავს, არათუ თავისუფლებას", - აცხადებს მელია.

პოლიტიკოსმა გაიხსენა სასამართლო პროცესზე კოლეგებთან საუბარი. „არადა როგორ ვეხვეწე ჩემს კოლეგებს, დიდ ნაწილს სასამართლო პროცესზე, რომ ამ ბრძოლაში არ მიეცათ ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის უფლება და არ უნდა ვექციე ვაჭრობის საგნად. გამოვიდა, რომ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ არც მე და არც არავინ არ უნდა გადაიხადოს ეს გამოსასყიდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არავინ არ დაიცვა. ეს არის ფაქტი, ძალიან მიჭირს ამის თქმა", - აცხადებს ნიკა მელია. მისი თქმით, ზეპირსიტყვიერად ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა, რომ მას უნდა გადაუხადონ გირაო.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე თქვა: „პროცესის ლოგიკა ასე იყო შეთანხმებული და მოლაპარაკებამდე ასე იყო განმარტებული ღონისძიებები, რაც მოხდება, არის უკვე განსაზღვრული. ეს არის გირაოს უზრუნველყოფა, ამას დაეთანხმება თუ არ დაეთანხმება პატიმრობაში მყოფი პირი [ნიკა მელია], ეს არის მისი უფლება. ამის შემდეგ, რაც საჭიროებს ოპოზიციის ყოფნას და მუშაობას პარლამენტში, ჩვენ ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა ამნისტიაზე და მოხდეს ამის ინიცირება".

2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

19 აპრილს დოკუმენტს „ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ აპირებს მასზე ხელმოწერას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG