Accessibility links

site logo site logo

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ვადებს „გაწელავს“, „ცუდად მოუბრუნდებათ“


რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათი პირობების დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების საკითხზე პასუხების ვადამ პარასკევამდე, 23 აპრილამდე გადაიწია. გოლეთიანმა მედიას უთხრა, რომ ამის შესახებ პრემიერის წარმომადგენელებს ესაუბრა. მათგან კი მიზეზად მოისმინა, რომ პრემიერი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრები და ვერ გააცნეს დეტალები.

"დრო არ მუშაობს მათ სასარგებლოდ და პირიქით, განწყობები იქმნება საზოგადოებაში ისეთი, რომ ხელოვნურად ხდება ამ პროცესის [გაჭიანურება] და თუკი კოვიდის ფაქტორსაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვეღარ შევძლოთ ფართომასშტაბიანი აქციების გამართვა, ეს გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას კი არ უნდა, რომ მოაგვაროს, არამედ ის აპირებს "საზოგადოების" მოტყუებას გაძრომ-გამოძრომით“, - თქვა გოლეთიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ვადებს გაწელავს, "ცუდად მოუბრუნდებათ":

"ეს დრო, რომელიც გადის და გონივრული ვადა, რომელიც ამოიწურა, არ მუშაობს მათთვის. მათ გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ თუკი ამას დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები და აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება - ადამიანებს საშუალება აღარ ექნებათ, რომ ჩვენამდე მოვიდნენ ან თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად და შემდეგ ჩაკეტა კოვიდის ფაქტორით".

15 აპრილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმომადგენელთან, რწმუნებულებთან, პარლამენტის დეპუტატებსა და რიონის ხეობის მცველებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტივისტებმა თქვეს, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად აუცილებელი იყო სამი პირობის შესრულება:

  • ხეობიდან გავიდეს პოლიცია;
  • შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და გაჩერდეს ყველა ტრაქტორი;
  • რიონის ხეობის მცველებს საშუალება მიეცეთ, კარვები გაშალონ პროტესტის თავდაპირველ ადგილზე.

ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG