Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა პარლამენტის გაერთიანებულ სხდომას მიმართა


ვლადიმირ პუტინი ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას 21 აპრილს, 2021 წელი.
ვლადიმირ პუტინი ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას 21 აპრილს, 2021 წელი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 21 აპრილს პარლამენტის გაერთიანებულ სხდომას მიმართა. ეს იყო მისი მეჩვიდმეტე ყოველწლიური გამოსვლა, რომელიც შიდა და საგარეო პოლიტიკაში არაერთი მწვავე საკითხის ფონზე შედგა.

სახელმწიფო ტელევიზიით პუტინის გამოსვლის დროს დაძაბული ურთიერთობაა რუსეთსა და დასავლეთს შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი გამძაფრებულია და შარშანდელი აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მღელვარება არ ცხრება ბელარუსში.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი ესწრაფვის კარგ ურთიერთობას უცხოეთის სახელმწიფოებთან, მაგრამ გამოთქვა გაფრთხილება, რომ არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გადაკვეთოს "წითელი ხაზები".

პუტინის თქმით, ყველა, ვინც მიმართავს "პროვოკაციას, რაც ჩვენ უსაფრთხოებას დაემუქრება, ინანებს ამის გამო ისე, როგორც არასოდეს".

პუტინის გამოსვლას თან ახლავს პროტესტი რუსეთის ქალაქებში, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეები იწყებენ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლებზეც ანტიკორუფციული კამპანიის აქტივისტისთვის დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას მოითხოვენ.

მნიშვნელოვანი საკითხებია აგრეთვე მზადება 19 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები.

პუტინმა თავისი გამოსვლის პირველი ნაწილი დაუთმო კოვიდ-19-ის პანდემიას, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთს. მან თქვა, რომ შემოდგომისთვის რუსეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კოლექტიური იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ და თანამოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო მიზნობრივი ჯგუფის თანახმად, ვირუსმა რუსეთში მოკლა 106 ათასი ადამიანი. ფედერალური სტატისტიკური სააგენტო იტყობინება, რომ დანაკარგები ბევრად მაღალია, შარშან აპრილის შემდეგ წელს თებერვლამდე 225 ათასამდე ადამიანი დაიღუპა კოვიდ-19-ის შედეგად.

პუტინის გამოსვლის დროს პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ნავალნის მნიშვნელოვანი მოკავშირეები.

YouTube-ზე ნავალნის პოპულარული არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პირი, ლიუბოვ სობოლი და კირა აირმიში, მისი პრესმდივანი 21 აპრილს დააკავეს მოსკოვში. ამის თაობაზე მათი ადვოკატები იტყობინებიან.

პოლიციამ 21 აპრილისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ ჩხრეკა ჩაატარა ნავალნის ორგანიზაციის რეგიონულ ოფისებში.

ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში იხდის სასჯელს, სამი კვირაა შიმშილობს მოთხოვნით, გამოკვლევა ჩაუტარონ დამოუკიდებელმა ექიმებმა. ის 19 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელი“ იყო.

პუტინის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა გამოაცხადა, რომ აშშ-ში ჩავა კონსულტაციებისთვის, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, გავრცელებული ცნობებით, მისი კიბერთავდასხმისთვის აშშ-ზე და ჩარევისთვის 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში.

რუსეთმა ასევე გააძლიერა სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში.

68 წლის პუტინი, კა-გე-ბეს ყოფილი ოფიცერი, 1999 წლიდან მართავს რუსეთს პრემიერის ან პრეზიდენტის რანგში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG