Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: ჩვენი თხოვნაა, აღდგომის დღეებში მაქსიმალურად იქნეს დაცული რეკომენდაციები


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აღდგომის დღეებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რათა კორონავირუსის გავრცელების ზედმეტი რისკი თავიდან იქნეს აცილებული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მან განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან ამ საკითხზე გაიმართება კონსულტაციები:

"ჩვენი თხოვნაა, რომ ტაძრებში დაცული იქნეს მაქსიმალურად ის რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ. ანუ შიგნით ტაძარში და გარეთაც პირბადის აუცილებელი ხმარება, ასევე დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა და მაქსიმალურად როგორც შარშან, რადიოფიცირება ძირითადი ტაძრების, რათა მრევლი იყოს ძირითადად გარეთ. მოგეხსენებათ, 2 მაისია ხო აღდგომა და თბილა ამ დროს. გარეთაც, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ზედმეტი რისკი გავრცელების. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველგან დაცული იქნეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა ისიც, რომ აღდგომის ღამეს, დღევანდელი მდგომარეობით, 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მიაწოდა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 12 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 299 038 შემთხვევა. მათგან 282 869 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3971 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG