Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაეროს უზენაესი კომისარი მიესალმნენ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეში ჟიურის დასკვნას


მინეაპოლისში ხალხი მიესალმება ჟიურის გადაწყვეტილებას ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის დამნაშავედ ცნობის შესახებ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში. 20 აპრილი, 2021 წელი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისარი მიესალმნენ ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის დამნაშავედ ცნობას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში.

12-მა მსაჯულმა 20 აპრილს შოვინი დამნაშავედ ცნო სამივე წაყენებულ ბრალდებაში. 45 წლის შოვინს ათწლეულების განმავლობაში ემუქრება პატიმრობა, როცა მას მოსამართლე განაჩენს გამოუტანს.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს დაიღუპა, მაღაზიაში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გადახდის გამო მისი დაპატიმრების მცდელობისას. მისმა სიკვდილმა ბიძგი მისცა თვეების განმავლობაში გაგრძელებულ, ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს პოლიციის სისასტიკის და რასიზმის წინააღმდეგ. ფართოდ გავრცელდა დაპატიმრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ჩანს, დაკავების მომენტში როგორ აჭერს თეთრკანიანი პოლიციელი, შოვინი, მუხლს 46 წლის შავკანიან კაცს, ჯორჯ ფლოიდს ცხრა წუთზე მეტი დროის განმავლობაში, რის შედეგადაც ფლოიდი კვდება.

ბაიდენმა, რომელიც უფრო ადრე ფლოიდის ოჯახს ელაპარაკა, რათა თანაგრძნობა გამოეთქვა, ჟიურის მიერ შოვინის დამნაშავედ ცნობის შემდეგ თქვა, რომ „განაჩენი იქნება უდიდესი ნაბიჯი სამართლიანობისკენ ამერიკაში“. „მიღწეულზე არ გავჩერდებით“, თქვა ბაიდენმა, რომელმაც თანამდებობა დაიკავა იანვარში, საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელშიც მან მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოიწვია რასობრივ საკითხებში, განსაკუთრებით Black Lives Matter-ის საპროტესტო მოძრაობის პერიოდში, რომელმაც შარშან შეარყია აშშ.

ბაიდენმა ფლოიდის ოჯახის წევრებს უთხრა, რომ „სულ მცირე, ახლა გარკვეული სამართლიანობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება გვსურს“.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უზენაესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი მიესალმა შოვინის დამნაშავედ ცნობას. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნებისმიერი სხვა შედეგი სასამართლო პროცესისა იქნებოდა მართლმსაჯულების პაროდია“.

მისივე თქმით, აშშ-ის პოლიციაში გატარებული რეფორმები ჯერ კიდევ არაა საკმარისი, რათა აფრიკული წარმოშობის ადამიანების მკვლელობა თავიდან იქნეს აცილებული.

შოვინს ემუქრება პატიმრობა მაქსიმალური ვადით 40 წლამდე. განაჩენს ორ თვეში გამოიტანენ.

მოელიან, რომ შოვინი განაჩენს გაასაჩივრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG