Accessibility links

site logo site logo

„გირჩმა" პარტიულ სათადარიგო სიაში დატოვა მხოლოდ 3 მამაკაცი  


ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „გირჩის“ მიმართვის საფუძველზე გამოსცა განკარგულება და შედეგად პარტიულ სათადარიგო სიაში მხოლოდ სამი მამაკაცი (ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია) დარჩა. „გირჩმა" მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით სია გაანულა.

საქმე ის არის, რომ „გირჩს" თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქალთა კვოტირების სისტემის იგნორირება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად ითვალისწინებდა განსხვავებული სქესის წარმომადგენლის დარეგისტრირებას.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩმა" ოთხი მანდატი მოიპოვა, მეოთხე ნომრად კი დეპუტატი გახდა სალომე მუჯირი. იმ შემთხვევაში, თუკი ის უარს იტყოდა პარლამენტის წევრობაზე, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მის ადგილს დაიკავებდა არა სიაში მე-5 ნომრად მყოფი ალექსანდრე რაქვიაშვილი, არამედ სიაში მყოფი მომდევნო ქალი კანდიდატი.

საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლში ნათქვამია: „თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკური პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი".

ამიტომ „გირჩმა" პარტიულ სათადარიგო სიაში მხოლოდ სამი მომდევნო მამაკაცი დატოვა და, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სალომე მუჯირი დატოვებს მანდატს, მისი ადგილმონაცვლე გახდება ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG