Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამნისტია „ჯალათებს“ არ შეეხება


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეების ამნისტიის კანონი არ გავრცელდება მძიმე დანაშაულის ჩამდენებზე.

„არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ბრძანების გამცემებს, ჯალათებს შეეხოს“, - განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ეს იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის „საერთო ატმოსფერო“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც თქვა, რომ ამნისტია „თვალისმთხრელ ჯალათებზე“ არ გავრცელდება. „ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს, კონვენციით დაცული მუხლებია. იმედი მაქვს, ამ სპეკულაციებს არ გააგრძელებენ პოლიტიკოსები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციური პარტიების შეცდომა იყო ის, რომ მათ 20 ივნისს დაზარალებულებთან კომუნიკაცია ვერ მოახერხეს და არ აუხსნეს, თუ რაზე იყო ლაპარაკი.

იმავეს ამბობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი. „ის, რაზეც შევთანხმდებით, ვერ და არ იქნება ისეთი შინაარსის, რომელიც გადააბიჯებს დაზარალებულების ღირსებას და უფლებებს, ეს მიუღებელია და პარლამენტს ამის უფლება არ აქვს“, - განაცხადა მან.

პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანონპროექტში უნდა ჩაიდოს პრინციპი ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიციები და ამ პოზიციების დათმობა და გადახედვა, ცხადია, არ მოხდება, უკვე უშუალოდ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG