Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას იწყებენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ დაწყებად აფასებს პროგრამას, რომელიც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე წარმოადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი პროგრამა „გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას“.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფოსთვის მთავარი მიზანი უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია და ეს თანხა გამოიყოფა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. ღარიბაშვილის თანახმად, პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება, სამუშაოები, სავარაუდოდ, ივნისიდან დაიწყება და რეგიონებში შეიქმნება, სავარაუდოდ, 15 ათასი სამუშაო ადგილი.

პროექტებს მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პროგრამაში ჩაერთვება „ყველა საუკეთესო არქიტექტორი“ და პროექტები განხორციელდება „ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით“.

2021 წლის შემოდგომაზე საქართველოში მუნიციპალური - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG