Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა სამნიძე: ამნისტიაში არ მოხვდება 2 უმძიმესი მუხლი


ხათუნა სამნიძე, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე
ხათუნა სამნიძე, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტში არ მოხვდება მუხლი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებში თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება.

„ანუ თანამდებობის პირები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას. არ იქნება ეს მუხლი გათვალისწინებული ამნისტიაში. დღეს არ არსებობს ასეთი საქმე თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ. არ არსებობს. თუ ასეთი საქმე გამოჩნდა, ამნისტიაში ასეთი მუხლი არ იქნება, ანუ ისინი ვერ გაექცევიან მართლმსაჯულებას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. მისივე თქმით, ამნისტიას არ დაექვემდებარება ასევე პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დამიზნებით სროლით ჩადენილი დანაშაული:

„ისინი არიან ჯალათები, რომლებიც დამიზნებით თვალში ესროდნენ ადამიანებს და რომელთაც შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ჰქონდათ მკვლელობის მცდელობა. არავითარ შემთხვევაში ეს მუხლი არ მოხვდება ამნისტიაში. ამიტომ ეს ორი უმძიმესი საკითხი, რაზეც არის ძირითადად ეს სამართლიანი პროტესტი და ემოციური დამოკიდებულება და უსამართლობის განცდა, არ მოხვდება ამ ამნისტიაში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე არცერთი ამ ტიპის დანაშაულებები გამოძიებული არ არის.

„დღეს ისინი გაქცეულები არიან მართლმსაჯულების იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2 წელია უკვე არცერთი ეს საქმე არ გამოიძია და არც გამოიძიებს. ვინც იცნობს ამ ხელისუფლებას, არც გამოიძიებს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ის, რაც წერია ხელშეკრულებაში, თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვება ერთიანად და ხელისუფლება რომ შეიცვლება, მერე ნორმალური გამოძიება ამ პროცესების“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „დილის საუბრებში“.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG