Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი


N8 (გლდანის) პენიტენციური დაწესებულება
N8 (გლდანის) პენიტენციური დაწესებულება

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გ.ა., რომელსაც ბრალად პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება. პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში დაკავებული და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.

„გ.ა. პატიმრებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე პატიმრების მიმართ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. გ.ა.-ს ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. ასევე არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. ამავე განცხადებით, ასევე დადგინდა, რომ დაკავებულ გ.ა.-ს პატიმრები უკანონოდ, თვითნებურად გაჰყავდა საკნიდან:

„ხდებოდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსება, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა. ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გრძელდება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG