Accessibility links

site logo site logo

"მიშელის დოკუმენტის" ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში დარეგისტრირდებიან


დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მივლენ და ოფიციალურად დარეგისტრირდებიან ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატები, რომლებმაც 19 აპრილს და მომდევნო დღეებში ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას. მათ შორის არიან „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. ასევე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკის და პარტია „ევროპული საქართველოს“ სიებით არჩეული ცალკეული დეპუტატები.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით მსჯავრდებული გიორგი რურუას შეწყალების აქტი. პატიმრობიდან რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაჭრასაც ოპოზიცია მოითხოვდა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების პროცესში.

"მიშელის დოკუმენტის" თანახმად:​

"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

შეთანხმების ამ პუნქტის ფარგლებში ექცევა პატიმრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება, თუ მანამდე გადახდილი არ იქნება გირაო.

მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხებსაც.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, შარლ მიშელის დოკუმენტით, "ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს".

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესი 1 მარტს, თბილისში ვიზიტისას წამოიწყო. მარტის შუა რიცხვებიდან მედიაციის პროცესი გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა. მისი მონაწილეობით მოლაპარაკების ორი რაუნდი შეთახმების ხელმოწერის გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების განახლებული ვარიანტი 18 აპრილს შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG