Accessibility links

site logo site logo

დეპუტატები ოპოზიციიდან პარლამენტში აქციის ფონზე შედიან


"შარლ მიშელის" დოკუმენტზე ხელმომწერ დეპუტატებს, რომლებიც დღეს პირველად მიდიან პარლამენტში ოფიციალური რეგისტრაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის ფონზე უწევთ. პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები და 20 ივნისის პროტესტის მონაწილეები ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს ეკითხებიან, რატომ დათანხმდა 20 ივნისის დანაშაულებზე ამნისტიის ჩანაწერს "შარლ მიშელის" დოკუმენტზე ხელის მოწერისას, ეძახიან მათ "მონას" და "მოღალატეს" და დებენ პირობას, თუკი 20 ივნისს, აქციის დარბევის ბრძანების გამცემებს და იმ პოლიციელებს, რომლებმაც დემონსტრანტები ფიზიკურად დააზიანა ამნისტია შეეხება, ისინი "ოპოზიციას ისევე გაამწარებენ, როგორც აქამდე ქართულ ოცნებას ამწარებდნენ."

აქციის მონაწილეებს ჩართული აქვთ პარლამენტის შესასვლელთან 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევის დროს გაკეთებული აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის სროლის და ადამიანების კივილის ხმა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით მსჯავრდებული გიორგი რურუას შეწყალების აქტი. პატიმრობიდან რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაჭრასაც ოპოზიცია მოითხოვდა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების პროცესში.

მიშელის დოკუმენტის" თანახმად:​

"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

შეთანხმების ამ პუნქტის ფარგლებში ექცევა პატიმრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება, თუ მანამდე გადახდილი არ იქნება გირაო.

მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხებსაც.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, შარლ მიშელის დოკუმენტით, "ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს".

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესი 1 მარტს, თბილისში ვიზიტისას წამოიწყო. მარტის შუა რიცხვებიდან მედიაციის პროცესი გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა. მისი მონაწილეობით მოლაპარაკების ორი რაუნდი შეთახმების ხელმოწერის გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების განახლებული ვარიანტი 18 აპრილს შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG