Accessibility links

site logo site logo

ზურაბ ჯაფარიძე: არანაირი კრიზისი განმუხტული არ არის


"მე მინდა გასაგები იყოს, როგორ ვუყურებ ამ სიტუაციას - ბევრი განცხადებები მოვისმინე, მათი დიდი ნაწილი სავსე იყო ან გულწრფელი სადღეგრძელოებით, ან სიყალბით და თუ ვინმე საღი აზრის მქონე ადამიანი ამ განცხადებებს უსმენს, შეუძლებელია მას შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ვინც აქ ვზივართ, ამ კრიზისის განმმუხტველები ვართ, მაგრამ რაც არის, ეგ არის. არანაირი კრიზისი განმუხტული არ არის. კრიზისი არ იყო დამოკიდებული იმაზე, ამ დარბაზში ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდოდა. კრიზისი არის გარეთ, ადამიანების თავებში და მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს და პირველ რიგში ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ამ შეიძლება აქ ღირდეს დარჩება, ცხოვრება და ყველა არის აქედან გაქცევაზე. ეს არის მთავარი კრიზისი. მანამ სანამ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანიდან შეიძლება რაღაც გამოვიდეს, სანამ ისინი არ გადაწყვეტენ, რომ აქ ღირს ცხოვრება, შვილების გაჩენა, რაღაცეების გაკეთება, კრიზისი დაძლეული არ იქნება, იმის მიუხედავად, 2 პარლამენტარი შემოვა ოპოზიციიდან თუ 50. ეს არაფერს არ შეცვლის" - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე, რომელშიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის შემდეგ პირველად იღებს მონაწილეობას ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც "შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელი მოაწერა და მანამდე პროტესტის ნიშნად უარს ამბობდა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარების ცნობაზე.

ზურაბ ჯაფარიზემ ასევე ილაპარაკა ეკონომიკურ კრიზისზეც, რომელიც მისი თქმით, ადვილად გადასაჭრელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში და ვერ გადაიჭრება მანამ, სანამ ხელისუფლება არ დათმობს ძალაუფლების ნაწილს და არ გადადგამს ამ ნაბიჯებს.

"აქ საუბარი იყო ეკონომიკურ პრობლემებზეც და ითქვა, რომ ერთად ვიმუშაოთ ამის დაძლევაზე. ეკონომიკური პრობლემების დაძლევას არ ჭირდება, როგორც აქ ითქვა, კონსტრუქციული წინადადებები. ეკონონომიკური კრიზისის დაძლევას ჭირდება იმის გააზრება, როგორ მუშაობს ზოგადად ეკონომიკა და სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ეს ყველაფერი დაიძლიოს. სახელმწიფოს ხელში არსებული ამდენი ქონება აღარ უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში და იყოს ადამიანების ხელში, ქვეყანაში უნდა იყოს სანდო ფული და ლარიზაციას არ ვაწვებოდეთ გიჟებივით, მთავრობის ხარჯები უნდა შემცირდეს და გადასახადები დავწიოთ. ნებისმიერი ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დათმოს ძალაუფლება. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაკავშირებულია რესურსებთან და ფულთან და ეს რესურსები და ფული დღეს არის პოლიტიკურად გამოყენებული. შესაბამისად, ამას არ ჭირდება კონსტრუქციული წინადადებები, ამას ჭირდება მართლა ნაბიჯების გადადგმა. ამის რესურსი ამ პარლამენტს არ აქვს და ვერც ექნება" - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. ის თვლის, რომ პარლამენტს დროებითი ფუნქცია აქვს და მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადება.

"ამ პარლამენტს დღეს აქვს მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, შეასრულოს ის, რაც იმ ტექსტში წერია - ესაა დროებითი ფუნქცია. ამ პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია არის შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოამზადოს ქვეყანა - მოგვწონს ეს თუ არა, ეს არჩევნები იქცა რეფერენდუმად. ამით ამ პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება.

სხვა ნებისმიერი რამე იქნება სიყალბე, თამაში, მცდელობა ვითამაშოთ თითქოს გასაოცარი დემოკრატია გვაქვს, ოპოზიცია პარლამენტში შევიდა და თითქოს ქვეყანას შველის. არ გამოვა. ვინც გარეთ ტელევიზორს უყურებს, ძალიან ნათლად ჩანს ეს ყველაფერი" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და გამოსვლის ბოლოს კომენდანტის საათის გაუქმება მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG