Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს


საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ თავმჯდომარედ აირჩია კახა კუჭავა. მის კანდიდატურას ოპოზიციიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“.

მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე კახა კუჭავას ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ის ვიცე-სპიკერი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. კახა კუჭავა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის საერთაშორისო მდივანია.

კენჭისყრამდე პარლამენტის წინაშე გამოსვლისას კახა კუჭავამ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პროცესებს: „დროა გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, კომპრომისებისა და დათმობის გზით, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები“.

კახა კუჭავამ სიმბოლური უწოდა, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა დაემთხვა დღეს, როცა „რამდენიმეთვიანი ხელოვნური შეფერხების შემდეგ“ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდა კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, და იმედი გამოთქვა, რომ ამას გააკეთებენ სხვებიც: „მე მტკიცედ მჯერა, იმისათვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს“.

კახა კუჭავამ ილაპარაკა 2024 წელს, ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენისთვის მზადებაზე და თქვა, რომ ერთად უნდა გაამყარონ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში.

კუჭავამ მთავარი საზრუნავი უწოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელსაც, მისი თქმით, ასევე, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. მან ილაპარაკა პანდემიით გამოწვეული სირთულეების და ეკონომიკური პრობლემების დაძლევის პრიორიტეტულობაზეც, რისთვისაც აუცილებელია კონსენსუსი და „ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდირებული გეგმა“.

კახა კუჭავას განცხადებით, სრულფასოვანი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა და 19 აპრილის შეთანხმების სწრაფად და სრულფასოვნად შესრულება, რაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აიღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება.

კუჭავა აუცილებლად მიიჩნევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის გაძლიერებასაც და მჭიდრო თანამშრომლობას როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან, რათა "საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისათვის".

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურა მას შემდეგ წარადგინა, რაც გასული კვირის ბოლოს, ამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გამოაცხადა არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან თქვა, ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასთან შეთანხმების შემდეგ მართებული იქნება, დატოვოს სპიკერის პოსტი.

ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში", - განაცხადა თალაკვაძემ 24 აპრილს, "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელმძღვანელობდა ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევას. თალაკვაძის გადადგომა ოპოზიციამ შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ დამარცხების აღიარებად.

არჩილ თალაკვაძე მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო 2020 წლის 11 დეკემბრიდან. ის ხელმძღვანელობდა მეცხრე მოწვევის პარლამენტსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG