Accessibility links

site logo site logo

უკრაინა ქვეყანას დაატოვებინებს რუსეთის კონსულს ოდესაში


რუსეთის გენერალური საკონსულო ოდესაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მას მოსთხოვა, 30 აპრილამდე დატოვოს ქვეყანა. ამის შესახებ უწყების ვებსაიტი იტყობინება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 26 აპრილს რუსეთიდან უკრაინის საელჩოს თანამშრომლის გაძევების საპასუხოდ. რუსეთის დიპლომატის ვინაობა, რომელსაც გააძევებენ უკრაინიდან, არ სახელდება. უკრაინის მხარემ პირობა დადო, რომ გააგრძელებს სარკისებრ პასუხს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებზე.

თავის მხრივ, უკრაინის დიპლომატი გააძევეს მას შემდეგ, რაც უკრაინა დაატოვებინეს კიევში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს. ის, თავის მხრივ, გააძევეს სანქტ-პეტერბურგიდან უკრაინის კონსულის გაძევების საპასუხოდ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა, კიევიდან რუსეთის დიპლომატის გაძევება მიიჩნიოს პეტერბურგიდან უკრაინის დიპლომატის გაძევების სიმეტრიულ ზომად და განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯების უფლებას იტოვებს.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთსა და რამდენიმე ქვეყანას შორის მოხდა დიპლომატების გაძევება. ყველაზე მასობრივი გაძევების შემთხვევა იყო ჩეხეთთან - მხარეებმა ერთმანეთს აუკრძალეს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 20-ზე მეტი თანამშრომლის ყოლა. რუსეთის წარმომადგენლები პრაღიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი დიპლომატიური შირმის ქვეშ მოქმედი მზვერავები იყვნენ. ჩეხეთის სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ შესაძლოა რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოაწყო ტყვია-წამლის საწყობის აფეთქება აღმოსავლეთ ჩეხეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG