Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუამ ციხე დატოვა


პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ „მთავარი არხის" მეწილემ გიორგი რურუამ #8 პენიტენციური დაწესებულება („გლდანის ციხე") დატოვა.

„მე ვარ აქტიური მოქალაქე და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის", - თქვა რურუამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ დანაშაული გამოასწორა. „მე შესაწყალებელი არაფერი არ მქონდა. მე ერთხელ უკვე შემომთავაზეს შეთანხმება, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, აღიარების შემთხვევაში და უარი ვუთხარი", - აღნიშნა რურუამ.

მან ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებაც. „მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი მესმის სრულიად, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და მემგონი ეს ყველასთვის გასაგებია. ვუსურვებ მალე დატოვოს [ციხე] ნიკამ", - ამობს რურუა. ის წარმატებას უსურვებს ოპოზიციის იმ დეპუტატებს, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში.

გიორგი რურუას განცხადებით, ნიკა მელია ციხიდან სწრაფად უნდა გამოვიდეს, ხოლო, „ნაციონალური მოძრაობა" კი შევიდეს პარლამენტში.

რურუამ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, სენატორებს - ჯინ შაჰინსა და ჯიმ რიშს, ევროპარლამენტარებს - ანდრიუს კუბილიუსს, ანა ფოტიგას და მარკეტა გრეგოროვა​ს.

რურუა ასევე მადლობას უხდის მედიას, ოპოზიციას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო მოძრაობებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას და გამოსცა რურუას შეწყალების აქტი.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი გათვალისწინებული იყო ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით მომზადდა.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG