ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ექიმების ყოველთვიური ანაზღაურება ასიმეტრიულია და ზოგ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგს 120 ათასი ლარი, რაც, მისი სიტყვებით, სამართლიანი არ არის.
„ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, ახლა რომელსაც მე დავასახელებ, ნამდვილად არ შემეშლება. ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს თვეში 120 ათასი ლარი. რამდენად სამართლიანია? ალბათ თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი სიტყვებით, ხშირად ექიმების ანაზღაურება დამოკიდებული არ არის მხოლოდ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე და ეს გარემო შესაცვლელია.
„ვთვლი, რომ ეს გარემო არის ნამდვილად ყურადღება მისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის აქ გასატარებელი, 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ის ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას და იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს საქართველოს პირობებში 120-ათასლარიანი შემოსავალი თვეში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ექიმების ანაზღაურებასთან დაკავშირებით კითხვა მას დეპუტატებმა დაუსვეს.