Accessibility links

site logo site logo

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრებს მართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სტუმრობა დასტურია საქართველოსადმი არსებული მტკიცე მხრადაჭერისა და მეგობრობისა.

„ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის, ისევე როგორც ევროინტერგაციის მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ხელისუფლებას იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

თავის მხრივ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში იმყოფება ამ ქვეყნის დასახმარებლად ყველა იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

„მინდა დავადასტურო, რომ ლიეტუვა გახლავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და ნამდვილი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.

ლიეტუვის მხარე ასევე მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

„ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდაპოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახად.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და შეამკო გმირთა მემორიალი.

ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა საქარველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.

„ირაკლი ღარიბაშვილი გაბრიელიუს ლანდსბერგისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ესაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და მინისტრს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება გააცნო. კახა კუჭავამ გამოხატა მადლიერება ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირებზე შემზღუდავი ზომების დაწესების გამო“, - ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარაბიშვილს შეხვდება. 29 აპრილს, იგი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. დაგეგმილია პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG