Accessibility links

site logo site logo

ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს


ავტორი: ირაკლი ლომოური

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ ენკა-სთან დადებული კონტრაქტის მორატორიუმზე - თქვენ მიერ გამოცხადებულ მორატორიუმზე. გვეუბნებით, რომ "კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში."

რა გამოდის, რევიზია მართლა რევიზია თუ იქნება, კონტრაქტი ენკასთან შეიძლება გაუქმდეს თავის სამშენებლო ნებართვასთან ერთად. ანუ ამის შესაძლებლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ უშვებთ. მაშ, ისმის კითხვა, ამ შემთხვევაში რატომ უნდა ამუშავოთ ტყუილად ენკა? არ გეცოდებათ? თქვენი ჯიბიდან აუნაზღაურებთ მერე დანახარჯს?.. მაგრამ ეტყობა ინტუიცია გეუბნებათ, როგორი იქნება რევიზიის შედეგი, ანუ ყველაფერი წინასწარმეტყველურად ცნობილია თქვენთვის... მაშ, რა აზრი აქვს მორატორიუმის გამოცხადებას? თვალებში ნაცარს გვაყრით? დრო გაგყავთ?.. ეეჰ...

რა ვქნა, არ მჯერა თქვენი მორატორიუმის.

თუმცა რეალური პოლიტიკის შემხედვარე, თავი ზოგჯერ "იდიოტი" მგონია ხოლმე, ოღონდ, ალბათ, უფრო ძველბერძნული გაგებით (იდიოტი ხომ ის იყო, ვინც პოლისის საჯარო ცხოვრებაში, ანუ პოლიტიკაში არ მონაწილეობდა). განზე გავდექი და უხმოდ ვიტან ჩვენი ქვეყნის მარაზმს - უსამართლობას და უბედურებას! რადგან ჩემთვის პოლიტიკა სიბინძურეა (რაშიც წარმატებით მარწმუნებს პოზიციაც და ოპოზიციაც - ბოლო ხანს მანტრასავით ვიმეორებდი: ჭირსაც წაუღია ორივე თქვენი გუნდი!)...

თუმცა ბრძოლა რიონის ხეობის დასაცავად პოლიტიკაზე მეტია (ამ, ჩემი გაგებით „პოლიტიკაზე“) - სახალხო მოძრაობაა, რომელმაც უნდა შვას ნამდვილი, მართალი, პატიოსანი პოლიტიკა და იდეალისტი პოლიტიკოსები... უტოპიაა?.. არ ვიცი... რიონის ხეობის მცველებს რომ ვუყურებ აღტაცებული, მგონია - შესაძლებელია! ოღონდ ახლა პოლიტიკური პარტიის თუ პარტიების შექმნის დრო არ არის! ჯერ ეს ბრძოლაა ბოლომდე მისაყვანი - სახალხო ბრძოლა!

„ბევრი ვიომეთ, დავმარცხდით,

შევცდით, როცა არ ვიომეთ.“

(ციტატა ბიძინა მინდაძის ლექსიდან)

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG