Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სადეზინფორმაციო კამპანია


ევროპის კავშირის თანახმად, ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს „სახელმწიფოს ხელშეწყობით წარმოებული დეზინფორმაციის“ კამპანია, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო დასავლური ვაქცინებისთვის ჩრდილის მიყენებას და საკუთარის წინ წამოწევას ისახავს მიზნად.

„ე.წ. ‘ვაქცინების დიპლომატია’ მისდევს ნულოვანი ჯამის თამაშის ლოგიკას“, რომლის მიზანია, „ძირი გამოუთხაროს დასავლური წარმოების ვაქცინებს, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ვაქცინაციის დასავლურ/ევროპულ სტრატეგიებს,“ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების შტოს მიერ 28 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის მედია, ხელისუფლება და სახელმწიფო კომპანიები ერთად ეწევიან რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის პროპაგანდას. ამასთან ისინი „ანტაგონისტურ მესიჯებს“ იყენებენ ევროკავშირის დასადანაშაულებლად, რომ ის რუსული ვაქცინის „საბოტაჟს ეწევა“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ კამპანიის ნაწილია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიმართ უნდობლობის დათესვა. დოკუმენტის მიხედით, სახელმწიფო მედია ცდილობს, „დაბნეულობა დათესოს“ რუსული ვაქცინა Sputnik V-ის მარკეტინგისთვის განკუთვნილ განაცხადთან დაკავშირებით. რუსეთი ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპული სააგენტო განზრახ აჭიანურებდა რუსული ვაქცინისთვის მწვანე შუქის ანთებას, ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებში დეზინფორმაციის კამპანიაზე საუბრისას ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი ცდილობს ადგილობრივ ვითარებას მოარგოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მეთოდები. ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. უკრაინასთან და ბელარუსთან ერთად მათ შორისაა საქართველო, რომელსაც რუსეთი აკრიტიკებს იმისთვის, რომ ის იღებს COVAX-ის არხით მიწოდებულ ვაქცინებს და არა Sputnik V-ს. ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, რომ მოსკოვი თბილისს დასავლეთის ბრძანებების მორჩილებაში სდებს ბრალს.

რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ სადეზინფორმაციო კამპანიაში, ანგარიშის თანახმად, აქტიურ როლს თამაშობს საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის არხები. ეს დეზინფორმაცია ხელს უწობს ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმის გავრცელებას, შენიშნავენ ანგარიშის ავტორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG