Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ენგურის ხიდზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ენგურის ხიდზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მეშვეობით ელჩისთვის საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელსაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე ახდენს მიმდინარე ოკუპაცია, ამასთან, კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება.

კელი დეგნანი იმყოფებოდა ასევე რუხის საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო პერსონალისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ეხმარება საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი მათ სამეგრელოსა და აფხაზეთიდან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა რუხის საჯარო სკოლაში. აქ ელჩი შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და მათგან მოისმინა, როგორ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მუშაობასა და სწავლაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის შეზღუდვები.

შეხვედრა გაიმართა ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ჰუმანიტარული დერეფნის მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მხარდასაჭერად შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG