Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდის რაიონში პოლიციის მიერ მამა-შვილის იარაღით დაჭრაზე გამოძიება დაიწყო


ზუგდიდის რაიონში პოლიციელების მხრიდან მამა-შვილის იარაღით დაჭრაზე გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა დაადგინოს, გადაამეტეს თუ არა პოლიციელებმა უფლებამოსილებას.

სოფელ ახალ აბასთუმანში, პოლიციელებმა ესროლეს მამა-შვილს, რომელთაც, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან მოჰქონდათ უაქციზო სიგარეტი.

ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, გაქცევა სცადეს და ამის შემდეგ გამოიყენა პოლიციამ იარაღი.

დაზარალებულთა ოჯახის წევრი, ხათუნა ოკუჯავა ამტკიცებს, რომ პოლიციელებს მამა-შვილი არ გაუფრთხილებიათ და დამიზნებით ესროლეს. ოკუჯავა ადასტურებს, რომ მის ქმარს და შვილს უაქციზო სიგარეტი ჰქონდათ, თუმცა უარყოფს, რომ ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან მოდიოდნენ.

„ჰქონდათ 2 ყუთი სიგარეტი. არ გვაქვს არანაირი საშუალება. გვაქვს ბანკის ვალი და არ გვაქვს სხვა გზა“ , - ამბობს ხათუნა ოკუჯავა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. დაწესებულების კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს „გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაჟეჟილობა აქვს, მამას კი ტერფის არეში ნაფლეთ-ნაგლეჯი ჭრილობა“. ორჟონიას თქმით, ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG