Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის მიერ დაჭრილი მამა-შვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სროლის აუცილებლობა არ არსებობდა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში პოლიციელების მიერ დაჭრილი მამა და შვილი, პაპუნა და ბადრი ძანძავები ამბობენ, რომ მათ გაუფრთხილებლად ესროლეს, დაკავების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა, რომელმაც დაჭრილი მამა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულა.

ადვოკატის თანახმად, ძანძავებს იარაღი არ ჰქონდათ, მათგან პოლიციას საფრთხე არ ემუქრებოდა და, შესაბამისად, სამართალდამცავების მხრიდან სროლის საჭიროება არ არსებობდა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ორივე იკითხება და ისინი სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მომხდარზე. ამბობენ, რომ შვილს ჰქონდა სიგარეტი, მაგრამ არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ითქვა, რომ თითქოს გამოჰქონდათ 15 ყუთიო“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი მამა-შვილი ირწმუნება, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და გასროლა მათი დაკავების შემდეგ მოხდა.

29 აპრილს ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში პოლიციელებმა ესროლეს მამა-შვილს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან მოჰქონდათ უაქციზო სიგარეტი. ძანძავების ოჯახის წევრმა, ხათუნა ოკუჯავამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მის ქმარს და შვილს უაქციზო სიგარეტი ჰქონდა, თუმცა, უარყო, რომ ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან მოდიოდნენ. ოკუჯავას მტკიცებით, პოლიციელები აგრესიულად იქცეოდნენ და დამიზნებით ისროლეს.

მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG