Accessibility links

site logo site logo

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო დაადოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს. გიორგი ვაშაძემ მედიასთან განმარტა, რომ ცვლილებები ანტიდემოკრატიულია და თუ პრეზიდენტი მასზე რეაგირებას არ მოახდენს, ოპოზიცია ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებს და ძველი რედაქციის დაბრუნებას მოითხოვს.

„გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი. მას უნდა, რომ გააპაროს ასეთი ცვლილებები, სანამ ჩვენ სრულფასოვნად დავიწყებთ პარლამენტში მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. პირველი, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი, და მეორე, ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას. ანუ დაბრუნდეს ძველი რედაქცია, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამაც. „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში იაგო ხვიჩია წერს, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და პრეზიდენტს, როგორც მოლაპარაკების მონაწილესა და მასპინძელს, კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც.

პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

მოქმედი კოდექსით, ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. ცვლილების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე თანხით, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასეთი ქმედების განმეორებით ჩამდენს დაეკისრება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმა, ან 7-დან 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ.

კოდექსის მოქმედი რედაქციით, ეს მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კრიტიკულად აფასებს ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში. ცვლილებების მიღებას აშშ-ის საელჩო საქართველოში სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით“, - აცხადებს საელჩო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG