Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე კონფლიქტისას


ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვისპირა სადავო ტერიტორიაზე შეტაკებების შედეგად, ყირგიზეთში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, სანამ ორივე მხარემ არ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრმა 30 აპრილს განაცხადა, რომ ასევე, 134 ადამიანი დაშავდა ამ შეტაკებების დროს, რომელიც 28 აპრილს დაიწყო მას შემდეგ, რაც საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებლებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს.

29 აპრილს ყირგიზეთის სპეცდანიშნულების რაზმის სამი მეომარი დაიღუპა. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს ამცნო უშიშროების უწყების სასაზღვრო ჯარის პრესმდივანმა.

ვითარება სწრაფად გამძაფრდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ყირგიზეთის სამხრეთ-დასავლეთის ბათქენის რეგიონის ლეილექის რაიონში, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. 29 აპრილს, საღამოს, ორივე ქვეყნის საგარეო სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომ გამოიყვანდნენ ჯარებს და კონფლიქტს დიპლომატიური გზით მოაგვარებდნენ.

ბათქენის რეგიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 13 500 ყირგიზი ასევე ევაკუირებული იყო საზღვრისპირა სოფლებიდან. ყირგიზეთის პოლიციამ ბათქენის რეგიონში ტაჯიკი მოქალაქეები დაადანაშაულა კონფლიქტის გამძაფრებაში და განაცხადა, რომ მათ დაიწყეს სროლა სამხედრო დანაყოფის მიმართულებით, რომელიც სოფელ ქოქ-თაშშია განთავსებული, თუმცა სროლები, გადმოცემის თანახმად, ტაჯიკური მხრიდანაც იყო ყირგიზული სოფლის, აქ-საის, სიახლოვიდან.

ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურმა უარყო ყირგიზეთის განცხადება და თავის მხრივ განაცხადა, რომ პირველად სროლა ყირგიზელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დაიწყეს, როცა ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკეთის სასაზღვრო დანაყოფებს წყლის გამანაწილებელი ცენტრის, "გოლოვნოის" მახლობლად. ტერიტორიას, სადაც აღნიშნული ცენტრია განთავსებული, ტაჯიკეთის ხელისუფლება თავისად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG