Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთმა მიიღო რუსული ვაქცინის პირველი პარტია


ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან მიიღო რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის Спутник-V-ის პირველი პარტია — 6,5 ათასი დოზა. Apsnypress-ის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყება მაისის დღესასწაულების შემდეგ იგეგმება.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას თქმით, პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი, შემდეგ კი - პედაგოგები, საბიუჯეტო თანამშრომლები, ძალოვნები.

წახნაკიას თქმით, ვაქცინა რაიონებში არ გადანაწილდება, რადგან მისი შენახვის პირობები მხოლოდ ცენტრალურ საწყობშია.

დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება და შემდეგი პარტიის მიღება დამოკიდებულია ვაქცინაციის კამპანიის წარმატებაზე.

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მარტის ბოლოს შესთავაზა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აცრის პროცესში ჩართვა და შესაბამისად, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გაკეთება. საპასუხოდ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია განიხილება „მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის დახმარებით“.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 14 494 შემთხვევა, მათგან 13 517 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 222 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG