Accessibility links

site logo site logo

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სამშენებლო ნებართვების გარეშე აწარმოა 158 702 266 ლარის სამუშაოები


მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158 702 266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე - ეს ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომელიც ანგარიშში წერს, რომ კომპანია მნიშვნელოვანი დარღვევებით, ბიზნესგეგმის, სტრატეგიის, გამჭვირვალობის გარეშე ფუნქციონირებს.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ უნებართვო მშენებლობებს კომპანია ხან მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრულ შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობით ხსნიდა, ხან მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემებით. სახელმწიფო კომპანიის მიერ უნებართვოდ რთული და სპეციფიკური სამშენებლო სამუშაოების წარმოება ქმნის რისკს, რომ ამ მშენებლობებს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნებათ გარემოზე ზემოქმედების, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანების მხრივ.

გარდა იმისა, რომ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობები საფრთხეს ქმნის გარემოსა და ადამიანებისთვის, კომპანიისთვის წარმოადგენს დამატებით გაუმართლებელ ხარჯს, რის მაგალითადაც აუდიტის სამსახურს მოჰყავს შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობა, რომელშიც კომპანიას 300 000 ლარზე მეტი უნდა გადაეხადა. გუდაურში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფარეხის მშენებლობა სახელმწიფო კომპანიამ 2017 წელს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და მშენებლობის პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე დაიწყო. დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით.

ფარეხის განთავსების ადგილი
ფარეხის განთავსების ადგილი

სამშენებლო პროექტი
სამშენებლო პროექტი

2018-2019 წლებში კომპანია სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმებულია 6-ჯერ, ჯამში − 595,000 ლარით, საიდანაც 582,000 ლარი არის განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა. იმ დროისთვის, როცა აუდიტი კომპანიის საქმიანობას სწავლობდა, ის მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებული იყო 312,000 ლარის გადახდისაგან.

"2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის კომპანიაზე დაკისრებული მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარიმები მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა კომპანიისათვის არ არის პრიორიტეტული, მიუხედავად ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა", - წერს აუდიტის სამსახური დასკვნაში.

2018 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 440 თანამშრომელი, 2019 წლის ბოლოს − 601. კომპანიის მიერ 2018-2019 წლებში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 16,331,387 ლარს შეადგენს.

სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, 2013 წელს კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2,900 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორმა 2016 წელს საკუთარი შრომის ანაზღაურება 7,500 ლარამდე გაიზარდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ხელფასის საკუთარი თავისთვის გაზრდა არაკანონიერი იყო, 2016 წლიდან 2018 წლამდე, სანამ კომპანიას ახალი დირექტორი ეყოლებოდა, კომპანიის ყოფილმა დირექტორმა უსაფუძვლოდ გაზრდილი ანაზღაურების სახით 109,021 ლარი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG