Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი: მალე დაიწყება ვაშლიჯვარში მეწყრულ ფერდზე საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპი


დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუკზე“ ვიდეოჩართვისას თქვა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ვაშლიჯვარში, მეწყრულ ფერდზე საპრევენციო სამუშაოების მეორე ეტაპი.

„ე.წ. ექსპერტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოდიოდა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველივე დღიდან, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. გზა ჩაიკეტა, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად კი, კონკრეტული არეალი მზადდება უკვე შემდეგი ეტაპისთვის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მეორე ეტაპს დავიწყებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ვაშლიჯვრის ფერდზე არსებულ ვითარებაზე ვიდეომიმართვაში მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინ დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს, მეწყრულ ზონაში მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე რაიმე სახის გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია და მაჭავარიანის ქუჩა არის უსაფრთხო.

„გუშინ დედაქალაქში უხვი რაოდენობის ნალექი მოვიდა. პირველივე წუთებიდან კონკრეტულ ლოკაციებზე იყო მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. დღეს, დილას დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყერის მასასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და იგივე მდგომარეობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადგილი არის სრულიად უსაფრთხო. როგორც იცით, პირველი რიგის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური დაექსპერტებული პროექტი, რის მიხედვითაც მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ - ეს გულისხმობს უშუალოდ მეწყერის გამაგრებას. შესაბამისად, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკური იყო. თბილისის მერიამ მეწყერის შესასწავლად გერმანელი სპეციალისტები მოიწვია, დაჩქარებული წესით 7 მილიონის ღირებულების სამუშაოების ტენდერი გამოაცხადა და ფერდის გამაგრება დაიწყო.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG