Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსავლის მართვის კომპანია ბიუჯეტიდან 3,5 მილიონს იხდის ყურძენში შაქრის დონის მზომ ხელსაწყოებში


2021 წლის რთვლის შეუფერხებლად ჩასატარებლად საქართველოს მთავრობა ყურძნის მიმღებ პუნქტებს ყურძენში ავტომატური შაქრის მზომი ხელსაწყოებით აღჭურავს და ამაში სამმილიონ-ნახევარ ლარს გადაიხდის. გამარტივებულ შესყიდვას სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს “მოსავლის მართვის კომპანია” ახორციელებს მთავრობის 2021 წლის 23 აპრილს გამოცემული განკარგულების მიხედვით, სადაც ნათქვამია, რომ ჯამში 30 შაქრის მზომი ხელსაწყო უზრუნველყოფს რთვლის ორგანიზებულად ჩატარებას, რის შემდეგაც ქვეყანაში ყურძნის ჭარბი მოსავალი არ დარჩება დაუმუშავებელი.

“ქვეყნის მასშტაბით ყურძნის მოსავალი ყოველწლიურად მზარდია, რომლის ინდუსტრიული გადამუშავება კერძო კომპანიების მცირე მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ ხორციელდება. რის გამოც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ღვინის კომპანიის მიერ ხორციელდება ჭარბი ყურძნის მიღება გადამუშავება (2020 წელს სს „აკურას“ და შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავდა 90 ათას ტონამდე ყურძენი). იმისათვის, რომ 2021 წლის რთველი ორგანიზებულად იქნეს ჩატარებული და ჭარბი მოსავალი არ დარჩეს გადაუმუშავებელი, ასევე ყურძნის ფასი განისაზღვროს მისი ხარისხისა და კონდიციურობის გათვალისწინებით, საჭიროა შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ყურძნის მიმღები პუნქტები აღიჭურვოს ყურძენში ავტომატური შაქრის მზომის დანადგარებით. 2021 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის №626 განკარგულების მე-7 პუნქტის საფუძველზე შპს ,,მოსავლის მართვის კომპაიას“ წარმოეშვა ვალდებულება შეისყიდოს ყურძნის ავტომატური შაქრის მზომები და განახორციელოს ყურძნის მიმღები პუნქტების დანადგარებით აღჭურვა”, - ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც შესყიდვას ახლავს თან. ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რატომ არ დაიჭირა მთავრობამ ან მოსავლის მართვის კომპანიამ თადარიგი უფრო ადრე საჭირო ინსტრუმენტების შესაძენად, როცა ცნობილია, წლის რომელ მონაკვეთში ტარდება რთველი.

ინსტრუმენტები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით უნდა შეიძინოს მოსავლის მართვის კომპანიამ, საქართველოში არ იწარმოება, საერთაშორისო ტენდერის გამოუცხადებლობაც რთვლამდე დარჩენილი არასაკმარისი დროით აიხსნება.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, “მოსავლის მართვის კომპანია” 2020 წლის 4 აგვისტოს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. კომპანიის ძირითადი ფუნქცია რთვლის პროცესის მართვა, ფერმერებისგან მიღებული ყურძნის შესყიდვა და გადამუშავებაა. 2020 წელს კომპანიამ 15 მილიონი ლარის პროდუქცია და მომსახურება ასევე გამარტივებული შესყიდვით შეიძინა უშუალოდ ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესის შეუფერხებლად ჩასატარებლად. სახელმწიფო ფერმერებისგან ყურძენს მევენახეთა მხარდაჭერის სახელით ყიდულობს იმ მიზნით, რომ ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული ყურძნის მოსავალი. 2020 წელს ყურძნის სუბსიდირების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

2018 წელს საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ყურძნის სუბსიდირების პროგრამაზე, თუმცა 2020 წლიდან კვლავ განაახლა ამ მიმართულებით საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პრაქტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG