Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში ნახევარი მილიონი პასპორტი გაიცა


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტული ფორმირებები აწარმოებენ ომს კიევის წინააღმდეგ, დაახლოებით 527 000 ადამიანს მიენიჭა რუსეთის მოქალაქეობა გასული ორი დღის განმავლობაში.

ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურმა 2 მაისს გააკეთა განცხადება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" საშუალებით. იქამდე, რუსეთმა 650 000 ახალი პასპორტი გასცა ამ რეგიონში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წელს გამოსცა განკარგულება ამ რეგიონის მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მინიჭების უფრო გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურის შესახებ.

მოსკოვის პოლიტიკამ უკრაინაში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მკაცრი საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა, როგორც ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაციის მცდელობამ ამ რეგიონში, სადაც 13 000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული 2014 წლის აპრილში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან.

უკრაინამ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინელი მოქალაქეების ნატურალიზაცია, როგორც ჰიბრიდული ომის კამპანიის ნაწილი, რომელსაც მოსკოვი აწარმოებს და როგორც უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა.

რუსეთი ახორციელებს სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას სეპარატისტების მიმართ უკრაინის ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების ნაწილებში.

უამრავი საწინააღმდეგო მტკიცებულების მიუხედავად, მოსკოვი ამტკიცებს, რომ არ ერევა უკრაინის საშინაო საქმეებში. ეს ხდება დაძაბულობის გამძაფრების ფონზე რუსეთსა და უკრაინას შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში, როცა რუსეთმა გააძლიერა სამხედრო ძალების განლაგება უკრაინის საზღვართან და უკრაინის ტერიტორიაზე, შავი ზღვის ნახევარკუნძულ ყირიმში, რომელიც 2014 წელს მოსკოვმა დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG