Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არტდოკფესტის“ გრან-პრი წილად ხვდა MMA-ს ჩეჩენი გეი-მებრძოლის შესახებ გადაღებულ ფილმს


ფესტივალ „არტდოკფესტის“ გრან-პრი წილად ხვდა რეჟისორ რეკა ვალერიკის ფილმს „წყნარი ხმა“, რომელიც ორთაბრძოლების (MMA) ხელოვნების გეი-მებრძოლის ისტორიაზეა. იგი იძულებული გახდა ჩეჩნეთიდან გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა გაიგეს, რომ იგი გეი იყო.

„არტდოკფესტი“ რიგაში 28 აპრილიდან 3 მაისამდე გაიმართა.

პრიზის გადაცემის დროს ფესტვალის დამაარსებელმა, რეჟისორმა ვიტალი მანსკიმ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებაში არავითარი პოლიტკორექტულობა არ არის. „ეს არის აბსოლუტურად პატიოსანი გადაწყვეტილება ჟიურისა, რომელიც ამას მიიჩნევს მხატვრულ, ტევად და ინტიმურ გამონათქვამად“, - აღნიშნა მანსკიმ ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე.

ფილმ „წყნარი ხმის“ შემქმნელები ასევე მიიღებენ ფულად ჯილდოს, 3000 დოლარს.

მანამდე დოკუმენტური კინოს ფესტივალი მოსკოვში 2-9 აპრილის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმავე დღეებში ფესტივალი უნდა გამართულიყო პარალელურად სანქტ-პეტერბურგშიც, მაგრამ იქ ფილმების ჩვენება გაუქმდა ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო.

მოსკოვში ფესტივალის ჩვენებიდან მოიხსნა რეჟისორ რეკა ვალერიკის „წყნარი ხმა“ და მარიანა კალმიკოვას „დოაზუვ-საზღვარი“, რომელიც შეეხება ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის სასაზღვრო ტერიტორიების გამო 2018 წელს მომხდარ კონფლიქტს.

პირველ შემთხვევაში ფილმის გამო ფესტივალის ორგანიზატორებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ფილმს გაქირავების მოწმობაზე კულტურის სამინისტრომ უთხრა უარი.

მოსკოვში „არტდოკფესტის“ დასკვნით დღეს კრემლის მხარდამჭერი მოძრაობა „სერბის“ აქტივისტები თავს დაესხნენ რეჟისორ ვიტალი მანსკის.

გარდა ამისა, 7 აპრილს მოძრაობა „სერბის“ აქტივისტები შეეცადნენ ჩაეშალათ ბელარუსი რეჟისორის, არტიომ ლობაჩის ფილმის „გზა შინისაკენ“ ჩვენება. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებენ საკუთარ სახლებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მცხოვრებლები და თავს აფარებენ უკრაინულ სოფელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG