Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ეხმაურება დავითგარეჯში „მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმას


სახალხო დამცველი ეხმაურება დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან „მთავარი არხის" ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. ომბუდსმენის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.

„დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა.

"იქ მარტოები ვიყავით, არ იყვნენ სასულიერო პირები, არც მრევლი იყო, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. როდესაც ჩაწერა მიმდინარეობდა, ივერი მელაშვილთან მივიდა სასულიერო პირი და უთხრა, რომ იყო მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება... მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მან ოპერატორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სცადა... [შემდეგ] რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა და სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დააზიანეს", - იხსენებს ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG