Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებსაიტი გახსნა მომხრეებთან ურთიერთობისთვის


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებსაიტი გახსნა თავის მომხრეებთან ურთიერთობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საინტერნეტო რესურსზე განთავსდება ცნობები უშუალოდ ტრამპის „სამუშაო მაგიდიდან“.

ტრამპის მომხრეებს სთავაზობენ, რეგისტრაცია გაიარონ საიტზე და ყოფილი პრეზიდენტის გუნდს დაეხმარონ იმაში, რომ „ამერიკა კვლავ დიადი გახადონ“.

იანვარში ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ Twitter-მა დაბლოკა ტრამპის ანგარიში, მას ასევე შეუჩერეს ანგარიშები Facebook-სა და YouTube-ზე.

მას მერე ექსპრეზიდენტი თავის შეტყობინებებს პრესრელიზების სახით აქვეყნებს. ამიერიდან ისინი ახალ საიტზე განთავსდება. მომხმარებლებს შეეძლებათ „მოიწონონ“ ტრამპის პუბლიკაციები და ისინი Facebook-სა და Twitter-ში გააზიარონ.

მარტში ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა გამოაცხადა, რომ მზადდება ახალი სოციალური ქსელი. ახლა მან Twitter-ში დაწერა, რომ ახალი ვებრესურსი არ არის მის მიერ ადრე რეკლამირებული სოცქსელი.

საიტზე უკვე გაჩნდა პირველი ჩანაწერები. მათ შორის არის პუბლიკაციები, რომლებიც იმეორებს ტრამპის ყალბად მიჩნეულ მტკიცებულებებს, რომ თითქოს სწორედ მან და არა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

5 მაისს Facebook-მა უნდა განსაზღვროს ტრამპის ანგარიშის მომავალი ბედი - განაახლოს ის თუ სამუდამოდ დახუროს. YouTube-მა განაცხადა, რომ ტრამპის ანგარიშს აღადგენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა მხრიდან „ძალადობის“ საფრთხე შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG