Accessibility links

site logo site logo

„ნუ მართმევთ იმ სახლს, სადაც ვხვდები ჩემს გარდაცვლილებს“


ავტორი: ნანა აკობიძე

ეს ნაირა გელაშვილის საგაზეთო წერილის სათაურია, 1992 წელს წავიკითხე რომელიღაც გაზეთში. წერილი არა - სათაური წავიკითხე და დამამახსოვრდა. შეიძლება, წერილი რომ წამეკითხა, არ ჩამბეჭდვოდა სათაური ასე ბუკვალურად მეხსიერებაში და შეეშალა ხელი იმ სურათის წამოსახვაში, რასაც დღემდე პერიოდულად არა მხოლოდ ვხედავ, მესიზმრება კიდეც:

ტყეში, გვირილებიან მინდორზე დგას შეხვედრების ფიცრული სახლი, ორი მხრიდან ბილიკით და ამ ბილიკებზე ერთმანეთის შესახვედრად გარბიან ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანები. ჩამოჯდებიან ხის სკამებზე, ჩამოუსხამენ ერთმანეთს ღვინოს, საუბრობენ, იცინიან, ტირიან... მერე, მზის ჩასვლისას, ლანდებივით გაიპარებიან იქეთა ბილიკიდან მოსულები, აქეთები კი აალაგებენ სუფრას, გამოგვიან სახლს და გამოუყვებიან ბილიკს.

რეალურად, არაფერი განსაკუთრებული ამ სურათში არაა - ისაა, რასაც მთელი ბავშვობა ვუყურებდი აღდგომებზე, სოფლის გვირილებით მოჩითულ სასაფლაოზე. უბრალოდ, გელაშვილისეულმა „ნუ მართმევთ“ - სიმძაფრე დამიმატა და ფიქრი დამაწყებინა იმაზე, რომ ეს ნაცნობი სურათი შეიძლება, ერთ დღეს გაქრეს.

მე, როგორც შეგნებულად მონაწილე, ამ იდუმალ კარნავალს ბოლო ათწლეულში შევუერთდი: მას შემდეგ, რაც კარგა ხნის გარდაცვლილ ბებიასთან (მამის დედასთან) აღმოვაჩინე სულიერი ნათესაობა. თურმე ხდება ასეც: შეგნებულ ასაკში გაიცნობ უკვე გარდაცვლილ ბებიას და ასე იპოვი შენი ხასიათის გასაღებების აცმას. ბებიაჩემი რომ არამხოლოდ სოფლის საზომით, საერთოდაც, უცნაური ქალი იყო, ესეც გვიან აღმოვაჩინე და მომეწონა ეს უცნაური ქალი - 12 წლის ასაკში გათხოვილი (4 წელი რომ დედამთილთან ეძინა), 20 წლის ასაკში უცნაურადვე დაქვრივებული. უცნაურად იმიტომ, რომ მისი ქმარი კი არ მოკვდა, უბრალოდ, დაიკარგა (ქერჩში) და იმ დღიდან ბებიაჩემმა მხოლოდ მისთვის გასაგებ რიტუალს მიჰყო ხელი: სამართებლით იპარსავდა თავს - თმა არ უნდა ჰქონოდა თავზე. სხვაგან ისედაც არ ჰქონდა: გლუვი, სლიკინა კანი ჰქონდა სახესა და მთელ სხეულზე. “რომ დავიბადე, ბებიაჩემმა თაგვის ბახარხალე წამისვა მთელ ტანზეო“- გვეუბნებოდა და მეგონა, მასხრობდა, სანამ ჩემი ლეჩხუმელი ნათლიისგან არ მოვისმინე იგივე ისტორია ბებიამის გელოვანის ქალზე.

მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და ბებიაჩემი ჩემი წერილის ფიგურანტი მხოლოდ იმ მხრივაა, რომ მე, ცრურწმენებისგან (ვფიქრობ) შორსმყოფი ადამიანი, გარდაცვლილთან ურთიერთობის რიტუალში ჩამითრია, ან, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩავყევი. ჩავყევი იმიტომ, რომ მომეწონა მიზეზები, რის გამოც შეიძლება, უცებ ვთქვა: „ბებია მესიზმრა. ხვალ წავიდეთ“ - და მივდივართ სოფელში. სოფლის შესასვლელში სასაფლაოა, შევრბივარ ბებიაჩემთან: „კალე, როგორ ხარ?“ - ჩამოვუჯდები, აქეთური, იქეთური... მივდივარ მერე ბავშვობის სახლში და უკან წამოსვლისას ისევ ვაღებ სასაფლაოს ჩაჟანგულ ჭიშკარს: „წავედი, აბა, არ მოიწყინო, მალე მოვალ.“ მისტიკის და რეალობის ზღვარი კი ის არის, რომ რამდენჯერაც ბებია მესიზმრა და სოფელში გავიქეცი, აღმოჩნდა, რომ იქ ვიყავი საჭირო: ან დედაჩემს მივუსწარი ასთმის შეტევისას და გადავარჩინე, ან მამაჩემს ვჭირდებოდი გადაუდებლად.

„ნადიმი მკვდრებთან“ - ასე ერქვა ერთი ამერიკელი ჟურნალისტის რეპორტაჟს სააღდგომოდ ქართული სასაფლაოებიდან, რამაც ჯერ გამაბრაზა ისევ ჩვენზე (სასაფლაოებზე ზღვარგადასული ღრეობების გამო), მერე - იმ ჟურნალისტზე, რომელიც გაოცებული იყო მკვდრებთან ერთად სმა-ჭამის რიტუალით (მე თუ მკითხავთ, კიდევ კარგად დაგვინდო იმ წერილში). მერე უკვე აღარც ჩვენზე ვბრაზობდი და აღარც მასზე. არავის ბრალი არაა, რომ გვაქვს დღე, როცა საზღვრები იშლება იმიერს და ამიერს შორის და იმ დღესაც ისეთები ვართ, როგორებიც - სხვა დროს. უბრალოდ, სასაფლაოების ლოკალურ სივრცეებში უფრო მკვეთრად გვიჩანს ცოცხალ-მკვდრებთან ურთიერთობის კულტურაც და უკულტურობაც. სასაფლაოებზეც ისე ვუმოწმებთ ერთმანეთს სუფრებს და ჩაცმულობას, როგორც - სხვა თავშეყრის ადგილებში, ისევე ვეფერებით და ვკამათობთ შექეიფიანებულები, ვღრეობთ, ვჩხუბობთ და ვკლავთ კიდეც ერთმანეთს.

ეს ჩვენი ყოფაა და ლოკაციის შეცვლა ვერ ცვლის რეალობას. მენტალური ცვლილებები ცვლის და შეცვლის.

არ შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ თავიანთ მიცვალებულებთან ურთიერთობა. ჩვენი პრაგმატიზმი იქამდე მიდის, რომ ჩვენსავე მკვდრებს ხიდებად ვიყენებთ, ისევე, როგორც მე გამომადგა ბებიაჩემი - შემაჩვია სასაფლაოს. შედეგად - აღდგომის წინა დღეებში, როცა მამაჩემიც მივაბარეთ მიწას, იმ მიწაზე და მის შემოგარენში სახლში ვიგრძენი თავი, რომელიც დავალაგე, დავგავე, ეკალ-ბარდებისგან გავწმინდე და იმდენხანს შემოვრჩი, მხოლოდ ჭოტის კივილმა მამცნო, რომ შუაღამე იყო უკვე და სხვა დროს სასაფლაოზე კი არა, სასაფლაოს სიახლოვესაც შემეშინდებოდა გავლა.

ესაა სახლი, სადაც შევხვდები ჩემს გარდაცვლილებს.

სასაფლაოს მესერზე მოდებული ეკალ-ბარდების გაკაფვაში რიგრიგობით მეხმარებოდა ჩემი ორი უფროსი შვილი, ერთი სპეციალურად ამ დღის გამო დარჩენილი საქართველოში და მეორე - ჩამოსული საფრანგეთიდან. ორივე მათგანი კრემაციას ემხრობა და სხვა დროს ხშირად უთქვამთ, რომ საფლავის იდეა ყველაზე ცუდი იდეაა, რაც კაცობრიობამ მოიგონა.

ახლა კი მდუმარედ, ერთად ვაწყობდით სახლს, სადაც უნდა შევხვდეთ ჩვენს გარდაცვლილებს. უფრო მეტიც: უფროსმა ბიჭმა თარაზოში გაასწორებინა ადგილი, სადაც ბაბუამისის საფლავის ქვა დაიდგა.

ეს გვჭირდებოდა ჩვენ, ცოცხლებს და გვჭირდება.

ამიტომ, როცა აღდგომას საფლავებზე შესვლა აიკრძალა, წინადღით გვიანობამდე დავრჩი ჩვენს სახლში, გვირილა მოვწყვიტე და ჩემს მიცვალებულებთან ერთად ვიმკითხავე: რა ვქნა ხვალ - მოვიდე-არ მოვიდე-მოვიდე...

პასუხი ამ ლექსშია.

ჩვენ, ვინც მივეჩვიეთ
ჩვენს ოკუპირებულ დიდ მიწებზე შეპარვას,
ჩვენს პატარ-პატარა მიწებზეც შევიპარებით დღეს.
"აქიდან, აქიდან მოუარე "-
მომაწამებს მამაჩემი,
"ბებიაშენზე გადმოდი."
ბაწარს გადმომიგდებს.
"ჰე ჰე ჰეი" - ამოიძახებს და
გუშაგებს გვერდზე გაიტყუებს.
ამასობაში შევალ მე.
კვერცხს გადავაგორებ.
მკლავს გავიხსნი -
ხორცს კბილს დავადგამ.
ჩვენ, შეპარვას შეჩვეულები,
შევალთ და დავტოვებთ წითელ ანაბეჭდებს -
ჩვენი ერთიანობის უტყუარ ნიშანს,
რომელიც დროსთან ერთად მკრთალდება.
ჩემი ჯერ არ -
ჩემი ჯერ ხასხასა წითელია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG