Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შემოვიდა „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა


დღეს გამთენიისას საქართველოში სპეციალური რეისით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ერთჯერადი ვაქცინაცია ამ პრეპარატით უკვე ჩატარებული აქვს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისს დაიწყო. რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე მიმდინარეობს. მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირება ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ.

დარეგისტრირებული პირები აცრის ჩატარებას 10 მაისიდან შეძლებენ.

„ასტრაზენეკა“ - კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობაც 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. აცრა ტარდება ორ დოზად - 8-12 კვირის ინტერვალში. პირველადი აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკის ვაქცინით ჩაიტარა.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, „ასტრაზენეკათი“ აცრილია 25 500-მდე ადამიანი და ჯავშანი პირველ აცრაზე კიდევ 10 ადამიანს აქვს გაკეთებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 5 მაისის მონაცემებით საქართველოში სულ 47 949 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად აცრილია 7009 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG