Accessibility links

site logo site logo

ბოდბელი ეპისკოპოსი ივერი მელაშვილზე: [გარეჯში] არ უნდა ჩადიოდეს, ოპოზიციურ პარტიებში იაროს


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და "შეგნებულ პროვოკაციად" აფასებს. ის თვლის, რომ ივერი მელაშვილი დავიტ-გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა ჩადიოდეს და მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან შეუძლია სიარული, "ტაშს ვინც უკრავდა."

მეუფე იაკობი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის ფაქტზე პასუხობს, რომ ძალადობის მსხვერპლი მართლდმადიდებელი ეკლესია და თვითონაც არის, გარეჯში მომხდარ ფაქტს კი ხელისუფლების, ულტრანაციონალისტური ჯგუფების და საპატრიარქოს მსგავსად, პროვოკაციად აფასებს.

„გააჩნია ძალადობას რას უწოდებთ. უშუალოდ იმაზე, ივერი რომ მიდიოდა, ივერის რომ დაუდგები გვერდში და გადაიღებ, იქ სამწუხაროდ შეიძლება აგრესია წამოვიდეს, არაფერ შუაში არ იყო და შენც მიიღო და ამით ივერი გადაარჩინო, ზედმეტი შეხება არ მოხდეს იმაზე. მე არ მომწონს, ადამიანები ვირები არ არიან, ხელი დაარტყა და რამე, მაგრამ ძალადობაზე თუ ვილაპარაკებთ, მედია ძალადობაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ისე ძალადობაზეც უნდა ვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ, რა არ შეიძლება.

ივერის რომ დაინახავ, შედავარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან, ივერი არის მატადორი. თქვენ ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, ლახვარს რომ არჭობენ, [ის]. კლავთ ხარს, ის ხარი გირქენთ მერე, მერე კლავენ და აჭმევენ ადამიანებს.

როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო? - თან 6 ათასი ბერის ხსენების დღეა, ჯერ ხო, არ არის დამთავრებული.

ცუდი რა არის იცით, ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკო გაუხდა ხალხს თორემ, მოეკიდათ ხელი მანამდე, ვის გაახსენდებოდა?

ვინც ჩემ მიწას, 6 000 ბერის სისხლი რომ არის დაღვრილი, უდიერად მოიხსენიებს, „ჩვენი არაა, სხვისიაო“ ამბობს, ის ჩემთვის კაციც არაა, უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ქართველ ერთან გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვს. როგორც გინდა ისე შეაფასეთ, ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით. გამოვიდა და ამბობს, არ არის ჩვენიო. მიდის მოლაპარაკება იმათთან, ძალიან მალე ისეთ შედეგს მივიღებთ, ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ვიღაცა ივერი მელაშვილი გამოდის, კარტოგრაფიც არაა და ჩემს მიწაზე ამბობს არაა ჩვენი მიწაო...“-ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მედიასთან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა მეუფე იაკობის მხრიდან, როდესაც ის ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს "კარტოგრაფების საქმის" ერტ-ერთ ბრალდებულზე. 2021 წლის 31 იანვარს მან თქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ივერი მელაშვილს მხარს დაუჭერდა, გასარიყი იყო საზოგადოების მხრიდან. ბოდბელი ეპისკოპოსის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ივერი მელაშვილს დავით-გარეჯის ტერიტორიაზე ჩასვლის უფლება არ ჰქონდა, თანხვედრაშია მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებს, რომლებმაც მისი სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს გამოჩენას პროვოკაცია უწოდეს და თქვეს, რომ ბუნებრივი იყო, იქ გულთბილად რომ არ დახვდნენ სასულიერო პირები.

სისხლის სამართლის საქმე, რომლის ერთ-ერთი ბრალდებულიც ივერი მელაშვილია, ამ დროისთვის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ჯერ დამტკიცებული არ არის, ივერი მელაშვილიც და ნატალია ილიჩოვაც თავს უდანაშაულოდ თვლიან. "კარტოგრაფების საქმის" ბრალში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე საუბარი არ არის იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებელია და საზოგადოებაში პროპაგანდისტული საშუალებების მიერ შექმნილი აზრი იმის შესახებ, რომ დავით-გარეჯის ნაწილი საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანს დაუთმო, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილი უფროსს, ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG