Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ ოფიციალურად სცნო სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიის მიერ


ლატვიამ ოფიციალურად სცნო და დაგმო სომეხთა გენოციდი 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ლატვიის სეიმის 100-დან 53-მა დეპუტატმა.
ამის შესახებ თავის ფეისბუკის გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა ლატვიაში სომხეთის ელჩმა, ტიგრან მკრტიჩიანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლატვიის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელსაც უწოდა „ისტორიის პოლიტიკური მოტივებით გადაწერის უბადრუკი მცდლობა“.

ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი დაახლოებით სამმა ათეულმა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციამ სცნო. აპრილის ბოლოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა გენოციდად.


ამერიკელი ხალხი "პატივს მიაგებს ყველა სომეხს, რომელიც დაიღუპა 106 წლის წინ, ამ დღეს დაწყებული გენოციდის შედეგად", - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, სომეხმა იმიგრანტებმა "უამრავი ფორმით გაამდიდრეს აშშ, თუმცა მათ არასოდეს დავიწყებიათ ეს ტრაგიკული ისტორია".

ბაიდენის თქმით, მისი განცხადება არ ემსახურება დადანაშაულებას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა მოხდეს.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია ანკარაში, რომელმაც აშშ ისტორიის გადაწერის მცდელობაში დაადანაშაულა.

პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდგომ
პერიოდში, ოსმალეთის იმპერიაში თურქებმა დახოცეს ან დეპორტაციას დაუქვემდებარეს 1,5 მილიონი სომეხი - ქრისტიანი უმცირესობა ძირითადად მუსლიმურ იმპერიაში. ბევრი ისტორიკოსი და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, ამ მკვლელობებს გენოციდად მიიჩნევენ. ანკარა აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა ოსმალეთის მთავრობის გეგმას სომეხთა გასანადგურებლად

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG