Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზრდილ ჯარიმებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატების პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა


მმართველი გუნდის წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა. მასზე განიხილეს "ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით გაზრდილი ჯარიმების მოცულობა, რომელზეც ოპოზიცია ვეტოს დადებას ითხოვს.

შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შეცვლილი კანონმდებლობა თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. მანვე აღნიშნა, რომ ჯარიმების 80 პროცენტზე მეტი არა აქციებზე, არამედ ყოფით საკითხებზე იწერება.

"აქამდე იყო ხარვეზი, პოლიციის უფლებრივ მდგომარეობას აბსოლუტურად ცუდ მდგომარეობაში აყენებდა. მგონია, რომ ის მესიჯიც სპეკულაციურია, რომ აქციებთან კონტექსტში უნდა განვიხილოთ... პრეზიდენტს არ შეუმჩნევია და არ მოუხდენია დეკლარირება განწყობის. მან ყურადღებით მოგვისმინა და კითხვები დასვა", - თქვა მდინარაძემ.

ამ საკითხზე პრეზიდენტი უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პრეზიდენტს საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს, კანონს ვეტო დაადოს და შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს.

პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია. სწორედ ამ მუხლებით აკავებენ ხოლმე აქციებზე მონაწილეებს სამართალდამცავები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კრიტიკულად აფასებს ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG