Accessibility links

site logo site logo

“წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს


„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ამის შესახებ ცნობილი გახდა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს შორის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. იგი აღნიშნავს, რომ „საქართველოს წითელი ჯვარი“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ეხმარება ქვეყანას პანდემიის მართვის პროცესში:

„დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია „წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციისა“ და ასევე, ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც „წითელი ჯვარი“ შემოგვთავაზებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოფარმს" ავტორიზაცია გუშინ, 7 მაისს მიანიჭა. გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში იგი ჯანმოს მიერ ავტორიზებული მეექვსე ვაქცინაა.

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ივნისში შემოვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 7 მაისის მონაცემებით, საქართველოში სულ 54 687 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად აცრილია 8700 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG