Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კონდახიშვილი: პროცედურით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად პროკურატურამ ახლა სასამართლოს უნდა მიმართოს


გიორგი კონდახიშვილი, ადვოკატი
გიორგი კონდახიშვილი, ადვოკატი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდგომი პროცედურის განმარტებისას ამბობს, რომ ვინაიდან ნიკა მელია ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ახლა საჭიროა სასამართლომ მისი პატიმრობა გააუქმოს.

„პროკურატურამ ახლა უნდა მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან ნიკა მელია ამჟამად იმყოფება პატიმრობის ქვეშ და სასამართლომ ეს პატიმრობა უნდა გააუქმოს. შესაბამისად, როგორც კი პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და ჩაინიშნება პროცესი, სასამართლო გააუქმებს ან შეცვლის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობას და ნიკა მელია ავტომატურად გათავისუფლდება იმ პოლიტიკური ტყვეობიდან, რომლშიც ხელისუფლებას ამდენი ხნის განმავლობაში ჰყავდა“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ გიორგი კონდახიშვილმა.

მისი განმარტებით, ნიკა მელიას დაცვის მხარე არანაირი ფორმით არ ყოფილა ჩართული ევროკავშირს, ხელისუფლებასა და პროკურატურას შორის გირაოს გადახდასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში და დეტალები მისთვის უცნობია. მისი შეფასებით, ისევე როგორც დაპატიმრება, ნიკა მელიას გათავისუფლებაც პოლიტიკური აქტი იქნება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.

პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად იყო გადაეხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. ამ გირაოს გადახდაზე მელია უარს აცხადებდა. მისი ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის გირაოს ძალით საპატიმროს დატოვებისა, იყო ამნისტიის კანონპროექტის გათხოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG