Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიონის ხეობის მცველები" ნამოხვანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელების მისვლას ითხოვენ


მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები სოფელ ნამოხვანში იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც კომპანია „ენკა“ სამუშაოებს აწარმოებს. აქტივისტები ადგილზე კომპანიის წარმომადგენლის და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. აქტივისტებმა მოთხოვნები სოციალურ ქსელში ლაივსტრიმის მეშვეობით გაავრცელეს და ცხელ ხაზზე დარეკეს, სპეციალისტების ადგილზე მისვლის განცხადებით.

„რიონის ხეობის მცველები“ სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ დღეს ცაგერსა და ამბროლაურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, სოფელ ნამოხვანში კომპანია „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობას კანონდარღვევით აწარმოებს, რადგან ადგილზე გვირაბის გასაყვანად მძიმე ტექნიკა მუშაობს და კლდის სიღრმეში გამოღებულია კლდოვანი ნაწილი. ვარლამ გოლეთიანის განცხადებითვე, ნამახვანჰესის კაშხლის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებაზე კომპანიას შესაბამისი ნებართვა არ გააჩნია, ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მშენებლობისთვის 9-12-თვიანი მორატორიუმი გამოცხადდა აპრილის თვეში.

სამშენებლო მოედანზე მისულ აქტივისტებს კომპანიის დაცვის წარმომადგენელებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, მათივე უსაფრთხოების მიზნით.

ადგილზე მივიდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე კოკა მაისურაძეც და აქტივისტებს სამშენებლო მოედნის დატოვება და სხვა ადგილზე დალოდება ურჩია.

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ნამახვანჰესის პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემაც. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი მთავრობის მიერ. სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, საპროტესტო მობილიზაციისთვის გარკვეული პროვოკაციული ქმედებები იქნა გამოყენებული:

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწიელეებს წინასწარ არც კი უკითხავთ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში არიან ადგილზე, იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობის და გარემოს დაცვის ინსპექციის წარომადგენლებთან, მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას", - განაცხადა ლევან ლომინაძემ.

ნამოხვანის ჩანჩქერის მიმდებარედ, სადაც კომპანია „ენკას“ ტერიტორია მწვანე ღობით აქვს შემოსაზღვრული, მძიმე ტექნიკამ მუშაობა 3 აპრილიდან განაახლა.

28 აპრილს კომპანია 5 ათასი ლარით დაჯარიმდა სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისთვის.

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ კომპანია დამნაშავედ ცნო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევაში.

მოსარჩელე მხარეს კი ამ პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენდა. სახელმწიფო უწყება ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას გარემოს დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობას ედავებოდა, უფრო კონკრეტულად კი, მოსარჩელე მხარე ამბობდა, რომ 2020 წლის 16 ოქტომბერს ჰესის ინსპექტირების დროს დაადგინა, რომ „ენკას” არ ჰქონდა შესრულებული 15-მდე ნაკისრი ვალდებულება:

  • მშენებლობის დაწყებამდე არ ჰქონდა სამინისტროში წარმოდგენილი და შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული მშენებლობის სატრანსპორტო სქემა ქ. ქუთაისის შემოვლით;
  • კაშხლის მშენებლობის დაწყებამდე არ არის გაკეთებული სიღრმული წყალსაგდებებით გატარებული ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობები;
  • შენებლობის დაწყებამდე არ განხორციელებულა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე მონიტორინგი, რაც მნიშვნელოვანი იყო მონაცემების შედარების უზრუნველსაყოფად და სათანადო შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. კომპანიას არც შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებები შეუთანხმებია სამინისტროსთან, რისი ვალდებულებაც ასევე ჰქონდა;
  • მშენებლობის დაწყებამდე კომპანიას არ წარუდგენია სამინისტროში ფუჭი ქანების სანაყაროს პროექტები და არ შეუთანხმებია სამშენებლო მოედნების/ბანაკების პროექტები.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ არ აპირებს გაასაჩივროს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თავად ინვესტორი კომპანია თვლის, რომ სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას. 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, გარემოს დაცვის სამინისტროს მათგან არაერთი წერილობითი დასაბუთება და არგუმენტაცია აქვს მიღებული იმ დარღვევებზე, რაზეც სამინისტროს ქვეუწყება სასამართლოში ედავებოდა.

აქტივისტები მოძრაობისა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 193-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესის მშენებლობას. ერთი თვეა, პროტესტი სოფელ გუმათში გაშლილ კარვებში გრძელდება. აქტივისტები მასშტაბური აქციის გამართვას 23 მაისს აპირებენ თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG