Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის დღეს ულოცავს ყველას, ვისთვისაც, მისი სიტყვებით „ძვირფასია ევროპული ღირებულებები და ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს“.

ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში პრემიერ-მინისტრი წერს, რომ საქართველო, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ისწრაფვის ევროპული სივრცისკენ.

„ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფით ჩვენი ბუნებრივი გარემოს – ევროპული სივრცისაკენ. მჯერა, რომ ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი სიტყვებით, საქართველოსთვის 2014 წელს საკვანძო მოვლენად იქცა ასოცირების ხელშეკრულება:

„ევროპასთან სავიზო ბარიერის მოხსნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვისაც უნიკალური შესაძლებლობაა, ისარგებლონ ყველა სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა. მადლობას ვუხდი ჩვენ ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, ვისი უდიდესი თანადგომის გარეშეც საქართველოს ასეთი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, 2024 წელს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული ამ დღეს იხსენებენ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.

ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

საქართველოში კი 2021 წლის ევროპის დღის თემაა "ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG