Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია


რამდენიმე კვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია - ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.

30 წლამდე კაცი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში, 10 აპრილს გადახტა.

„რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდა კაცი ხეობის მცველებს ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მეგობართან ერთად შეუერთდა. მდინარეში ის მოულოდნელად გადახტა მას შემდეგ, რაც ნაპირზე მასთან ერთად მდგომ კიდევ ერთ მამაკაცს ტელეფონი გადასცა და სთხოვა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა.

„რამდენიმე ადამიანი შევიდა წყალში და ეხვეწებოდნენ გამოდიო. პოლიციაც ხედავდა და ამდენი ხალხი ეუბნებოდა აქეთ გამოცურეო. ის მაინც მიცურავდა და წყალმა წაიღო“, - უთხრა მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას.

6 მაისს ადვოკატმა გიორგი ჭაჭუამ გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მისივე მტკიცებით, ნამოხვანის პროტესტის მონაწილემ, ნიკა ანთიძემ დატოვა, მდინარე რიონში გადახტომამდე.

„მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“, - წერია ფეისბუკ მესენჯერის შეტყობინებაში, რომელიც ადვოკატის თქმით, ანთიძემ არააქტიურ გვერდს გაუგზავნა.

ადვოკატის მტკიცებით, შეტყობინება 10 აპრილსაა გაგზავნილი 19:27 საათზე და ის დროში ზუსტად ემთხვევა რიონის ხეობაში მომხდარ ინციდენტს.

ადვოკატის ინფორმაციით, 27 წლის ნიკა ანთიძე ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. რიონის ხეობაში კი ის ინციდენტამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას დეკემბრიდან ღია ცის ქვეშ აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG