Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: "გზა ევროპისკენ წინსვლის რეალური გზაა"


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანაა - ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ევროპა საქართველოს წინსვლის რეალური გზაა:

„მთელს ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება. იგი ეფუძნება ევროპულ კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს. ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველივე დიდ გამოწვევას, ომსა თუ ტრაგედიას მოყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია. ჩვენც ამ მშვიდობიანი მომავლის იმედს ვიზიარებთ დღეს.

ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა და რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ყოფნის ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილია და არც ერთგვაროვანი, თუმცა, მისი სიტყვებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ეს წინსვლის რეალური გზაა.

„ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროპელ ჩვენს მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია!“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა "ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG