Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კონდახაშვილი: დღეს სასამართლოს გზით დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური პატიმრობა


გიორგი კონდახაშვილი, ადვოკატი
გიორგი კონდახაშვილი, ადვოკატი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კანდახაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევითა და ნიკა მელიას შეუპოვრობითა და პრინციპულობით დღეს ხელისუფლება არის იძულებული, დაასრულოს მისი პოლიტიკური პატიმრობა:

„დღეს ხდება უბრალოდ ამის გაფორმება სასამართლოს გზით. შესაბამისად, პროცედურებთან და სამართლებრივ სიღრმეებთან დაკავშირებით მე თავს შევიკავებდი საუბრისგან, თუმცაღა შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ის შუამდგომლობა, რომელიც შევიდა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში, რომელიც უნდა განიხილოს მოსამართლემ, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 მაისს, 16 საათზე გაიმართება. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა. პროკურატურა პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადასცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტს "ამნისტიის კანონით" უნდა გაეთავისუფლებინა. პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად იყო გადაეხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG