Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი რუსეთს მინიმუმ მილიარდ კრონა კომპენსაციას მოსთხოვს 2014 წლის აფეთქებისთვის


აფეთქებული ტყვია-წამლის საწყობი ვრბეტიცეში. 2014 წ. 11 დეკემბრის ფოტო.
აფეთქებული ტყვია-წამლის საწყობი ვრბეტიცეში. 2014 წ. 11 დეკემბრის ფოტო.

ჩეხეთი აპირებს, რუსეთისგან მინიმუმ ერთი მილიარდი ჩეხური კრონა (დაახლოებით 47 მილიონი დოლარი) კომპენსაცია მოითხოვოს 2014 წელს სოფელ ვრბეტიცეში იარაღის საწყობის აფეთქებისთვის. ამის შესახებ ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ალენა შილეროვამ განუცხადა ჩეხეთის ტელევიზიას.

ადრე ჩეხეთის მთავრობას ასეთი კომპენსაციის მოთხოვნისკენ მოუწოდა პარლამენტის ქვედა პალატამ. პრაღა ერთი კვირის განმავლობაში აპირებს სარჩელის მომზადებას.

ჩეხეთის ტელევიზია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ერთი მილიარდი კრონა არ არის საბოლოო თანხა, ვინაიდან დაზარალებული რეგიონის ხელისუფლებამ შეიძლება საკუთარი სარჩელი აღძრას. თუმცა ზოგიერთი დეპუტატი და ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან კომპენსაციის მიღების შანსი მცირეა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს გამოაცხადა, რომ ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის საწყობში მომხდარ აფეთქებაში".

ამ განცხადების შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG