Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტი დიმიტრი: ივერი მელაშვილის გარეჯში ჩასვლას პროვოკაციის ელფერი აქვს


ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მედიასთან აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტებს, რომლებშიც ბოლო დროს სასულიერო პირები აღმოჩნდნენ ჩართულები, გარკვეულწილად პროვოკაციული ელფერი გასდევს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის კომენტირებისას, მან, კერძოდ, განაცხადა, რომ ძალადობა დასაგმობია:

"ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია, თავისთავად არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი და დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს.

საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია თავისთავად ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს“, - უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. მან პროვოკაციად შეაფასა დავითგარეჯში „კარტოგრაფების საქმის“ ბრალდებულ ივერი მელაშვილის ჩასვლის ფაქტიც.

„როდესაც შენ იცი, მე ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში, შენ როცა იცი, რომ არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე, იცი, რომ იქ იქნება ჩასული აუარებელი მომლოცველი, ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ, იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, იმ სალოცავში არავინ უშვებს არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და შენ ჩადიხარ, რბილად რომ ვთქვა, ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია, მოხდეს უსიამოვნება აი, ამ დღეს და გარკვეულწილად, მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი დასდევს“, - უთხრა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჟურნალისტებს ხელვაჩაურში, სადაც დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს 7 მაისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეპარქიაში მისვლა აუკრძალა. შემთხვევის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტს აგრესიულად ესაუბრება, შემდეგ მიკროფონს ღრუბელს აძრობს, ისვრის და ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკურად ეხება, ყელში სწვდება.

დაპირისპირებას "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა 4 მაისსაც დავითგარეჯში, სადაც ჯგუფი გადაღებაზე "კარტოგრაფების საქმის" ბრალდებულ ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავს სასულიერო და საერო პირები დაესხნენ.

ინციდენტის დროს ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. შსს-მ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG