Accessibility links

site logo site logo

ზალკალიანი: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმი კარგი შესაძლებლობაა კავშირების გაძლიერებისთვის


დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მინისტრი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებას.

"მიხარია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას. ეს ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის და ის კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს," - აღნიშნავს მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ 10 მაისს, პრეზიდენტების დონეზე ხელი მოაწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილისა და სტევო პენდაროვსკის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. ის ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის უვიზოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა გააფორმეს ასევე მემორანდუმი კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს 11 მაისს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG