Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სინოფარმის" დიდი ნაწილი ამოწურულია, დარჩენილი დოზები სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება


საქართველოში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის - "სინოფარმის" დოზები ფაქტობრივად ამოწურულია, დარჩენილი დოზები კი სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება. ქვეყანაში შემოსული 100 ათასი დოზა ვაქცინა 50 ათასი ადამიანისთვის იყო საკმარისი.

"სინოფარმის დიდი ნაწილი - დაახლოებით, 40 000-მდე დოზა, ან უკვე გამოყენებულია, ან დაჯავშნილია. დაახლოებით, 10 000 დოზა დარეზერვებულია სტრატეგიული ჯგუფებისთვის, რომელიც გახლავთ, პოლიცია, პენიტენციური სისტემა. უდიდესი ნაწილი ამ დოზების მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს და ასევე დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. მაგრამ ეს იქნება ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ დარეზერვებული დოზების დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

დღესვე, საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ 100 ათასი დოზა "სინოფარმიდან" 50 ათასი დოზა გადაინახება, რათა უკვე აცრილ პირებს ვაქცინის მეორე დოზა გაუკეთდეთ. პროტოკოლის მიხედვით, მეორე აცრა 21 დღეში კეთდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც აცრაზე რეგისტრაციის გავლაა შესაძლებელი, "სინოფარმით" აცრაზე ადგილები მხოლოდ სამ რეგიონშიღაა დარჩენილი: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში.

დღეს იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა "სინოვაკით" ვაქცინაციის დაწყებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გავლამდე. საქართველოში "სინოვაკის" 100 ათასი დოზა ვაქცინაა, რომელიც ჩინეთის საჩუქარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG