Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი ეხმაურება ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს


ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ მედიაში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, როგორც სუს-ი აცხადებს, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაააქტიურა ცხელი ხაზი. გარდა ამისა, ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

სუს-ის განცხადებით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს, მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 350 კმ-ზე მეტი. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ორივე მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს“, - აცხადებს სუს-ი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წელს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის რამდენიმე ათეული შემთხვევის იდენტიფიკაცია მოახდინა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თითოეული მათგანი უმწვავესად იქნა განხილული მოქმედი მექანიზმების ფარგლებში. სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG